ჩვენი მიზანი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, არასამთავრობო, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს, როგორც ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია ჰუმანიტარული საქმიანობების სფეროში. იგი თავის საქმიანობას ახორციელებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მისი წესდებისა და მისიის შესაბამისად, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების დაცვით და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დაარსდა 1918 წელს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აღიარებულ იქნა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ კანონით 1997 წელს, რომელიც 2017 წელს განახლდა. 



alt text
ჩვენი ხედვა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ზრუნავს და ორიენტირებულია ადამიანთა ტანჯვის შემსუბუქებაზე და სიღარიბისაგან და მცდარი შეხედულებებისაგან თავისუფალი გარემოს შექმნის ხელშეწყობაზე. 


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია (საქართველოს კანონი ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ 15/07/2017), ემსახურება განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების ხვედრის შემსუბუქებას, მათი სიცოცხლისა და ღირსების დაცვას საუკუნეზე მეტია.


საქართველოს წითელი ჯვარი არის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი 1997 წლიდან, ხოლო მისი არსებობის ისტორიაში პირველად, 192 ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლის მიერ არჩეულ იქნა მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის ოც-კაციანი მმართველი საბჭოს წევრად.


ქვეყნის მასშტაბით საქართველოს წითელი ჯვარი არის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის (საქართველოს ხელისუფლების 2015 წლის 24 სექტემბრის #508 დადგენილება) შესაბამისად მინიჭებული აქვს შემდეგი ფუნქციები:


მონაწილეობს სამძებრო და სამაშველო საქმიანობებში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კოორდინირებით ორგანიზებას უწევს საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოფხვრაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებს;
არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დამხმარე რგოლი დაზარალებული მოსახლეობისათვის პირველი დახმარების უზრუნველყოფაში და საველე ჰოსპიტალის მოწყობაში;
ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაზარალებული მოსახლეობისათვის წყლისა და საკვების მიწოდებაში საგანგებო სიტუაციის დროს.

მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიზიაროს და დაიცვას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის, ფუძემდებლური პრინციპები, რომლებიც ხელს უწყობს სამყაროს გახდეს უკეთესი.

ჰუმანურობა

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც თავდაპირველად ბრძოლის ველზე დაჭრილთათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით შეიქმნა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ცდილობს ნებისმიერ გარემოებაში, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე, თავიდან ააცილოს ან შეუმსუბუქოს ადამიანს გაჭირვება. მოძრაობის მიზანია დაიცვას ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა, უზრუნველყოს მათი პიროვნული ღირსების პატივისცემა.

იგი ხელს უწყობს ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და მშვიდობის განმტკიცებას.

მიუკერძოებლობა

მოძრაობა არ ასხვავებს ადამიანებს ეროვნების, რასის, რელიგიური მრწამსის, კლასობრივი თუ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. მისი მიზანია შეუმსუბუქოს ადამიანებს განსაცდელი. პირველ რიგში მათ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას.

ნეიტრალურობა

საყოველთაო ნდობის შენარჩუნების მიზნით, მოძრაობას არ შეუძლია მიემხროს რომელიმე დაპირისპირებულ მხარეს შეიარაღებული კონფლიქტის დროს და ჩაერთოს პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური, ან იდეოლოგიური ხასიათის დავაში.

დამოუკიდებლობა

მოძრაობა დამოუკიდებელია. ეროვნული საზოგადოებები, როგორც თავიანთი მთავრობების დამხმარენი ჰუმანიტარულ საქმიანობაში, ექვემდებარებიან საკუთარი ქვეყნების კანონებს, ამავე დროს ყოველთვის უნდა ინარჩუნებდნენ ავტონომიას, რათა იმოქმედონ მოძრაობის პრინციპების შესაბამისად.

ნებაყოფლობითობა

ეს არის ნებაყოფლობითი ჰუმანიტარული მოძრაობა, რომელიც არ არის მოგებაზე ორიენტირებული.

ერთადერთობა

ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი წითელი ჯვრისა თუ წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოება. ის ღია უნდა იყოს ყველასათვის და ახორციელებდეს ჰუმანიტარულ საქმიანობას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.

უნივერსალურობა

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობა საყოველთაოა. ეროვნული საზოგადოებები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და მოვალენი არიან დაეხმარონ ერთმანეთს.