საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალი არის მე-15 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელმაც წარმატებით გამოიყენა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემუშავებული BOCA-ს (ფილიალის ორგანიზაციული შესაძლებლობების შეფასება) ინსტრუმენტი საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისა და საქმიანობების განსაზღვრისათვის. ,, როგორც თითოეული ადამიანი, ასევე ჩვენი ფილიალიც, როგორც ცოცხალი ორგანიზმი საჭიროებს დიაგნოსტირებას. ჩვენ ეს მოვახერხეთ და ვფიქრობ, წარმატებით. ახლა ზუსტად ვიცით თუ სად ვართ და როგორ უნდა მივიდეთ დანიშნულების ადგილზე“- სულიკო სინჯარაძე, მოხალისე. სამდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის 16-18 მაისს შედგა, სადაც გამოვლინდა ფილიალის ძლიერი და სუსტი მხარეები, ხოლო თვითშეფასების შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა პრიორიტეტები და შემუშავებული იქნა ფილიალის 2019 წლის II ნახევრისა და 2020 წლის სამოქმედო გეგმა. სამუშაო შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ ფილიალის ხელმძღვანელობა, თანამშრომლები და მოხალისეები. ,, ყველაფერი გაცილებით უფრო ნათელი გახდა: ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ დღეს, როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი დღე და რა შეგვიძლია სანიმუშო, კარგად ფუნქციონირებადი ფილიალის ასაშენებლად. მადლობა ,,BOCA’’-ს”- ნინო ჩხუტიაშვილი, დუშეთის საქმიანობათა ცენტრის მენეჯერი.