ყოველწლიურად, 14 ივნისს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება სისხლის დონორთა მსოფლიო დღე, რომელიც 2004 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას უსაფრთხო სისხლის და სისხლის პროდუქტების საჭიროების შესახებ, ასევე მადლიერების გამოხატავს იმ უანგარო დონორების მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემენ სისხლს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) უკვე 11 წელია ყოველწლიურად უერთდება სისხლის დონორთა მსოფლიო დღეს და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა აქციას. 2019 წელსაც, 12 ივნისს, თბილისში, სწჯს-ს ცენტრალური ოფისის თანამშრომლების და მოხალისეების მონაწილეობით, ჩატარდა სისხლის დონაციის კამპანიები სლოგანით: „უსაფრთხო სისხლი ყველასთვის!“ კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის 3 ფილიალში: ისთ ფოინთი, თბილისი მოლი და ისანი მოლი (სათაო ოფისი). სისხლის დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღო სამმა სისხლის ბანკმა: მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკი, ჯოენის სახელობის კლინიკასთან არსებული სისხლის ბანკი და თბილისის სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური. მობილიზებული 122 სისხლის დონორიდან დაახლ. 100-მა ადამიანმა დააკმაყოფილა სისხლის ბანკის მოთხოვნები და გაიღო სისხლი.