საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად დაიწყო ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე შეხვდა მოხალისეებს.
პროექტი ემსახურება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოსახლეობისა და ტურისტების ცნობიერების ზრდას COVID-19-თან დაკავშირებით, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების საშიშროების შემცირება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 180 მოხალისე გაივლის ტრენინგს COVID-19-თან დაკავშირებით. პირადი უსაფრთხოების საშუალებებით აღჭურვილი მოხალისეები ტურისტული სეზონის განმავლობაში განლაგდებიან სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში და მოახდენენ ადამიანების ინფორმირებას COVID-19-ის შესახებ, გაუზიარებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, გაუწევენ პირველ ფსიქოსოციალურ დახმარებას და ეფექტური და სწორი კომუნიკაციით ხელს შეუწყობენ სოციალური დისტანციის დაცვას, რათა შემცირდეს ვირუსის გავრცელების რისკი.