დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევა მესტიის მუნიციპალიტეტს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ, სადაც გაეცნენ COVID19-თან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მესტიის ფილიალის თანამაშრომლებს, მოხალისეებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, USAID-ის მხარდაჭერით, მესტიის მოსახლეობას 672 სასურსათო და 672 ჰიგიენური ამანათი გადასცა. აღსანიშნავია, რომ სოფელ ლენჯერში მცხოვრებმა, საჭიროების მქონე ყველა ოჯახმა მიიღო საქართველოს წითელი ჯვრის პირველადი საჭიროების ამანათი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი დახმარება გათვალისწინებულია 70 წლის და უფროსი ასაკის მარტოდ მცხოვრები ადამიანებისთვის. ადგილობრივებს, ვირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ჰიგიენის წესებისა და პროფილაქტიკური ზომების შესახებ.