საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ერბოწონაშვილს და წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის თანამშრომლებსა და მოხალისეებს შეხვდა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ადგილზე გაეცნო როგორც კორონავირუსთან, ისე ბოლოდროინდელ სტიქიასთან დაკავშირებულ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს.
წითელი ჯვრის საზოგადოებამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 70 წლის და უფროსი ასაკის მარტოდ მცხოვრებ ხანდაზმულებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა.
შეგახსენებეთ, რომ საქართველოს წითელმა ჯვარმა ქვეყნის მასშტაბით უკვე 100 000-ზე მეტი ამანათი დაარიგა.