არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტურ-ახალგაზრდული საბჭოს „Student-Youth Council“ ორგანიზებით, ქ. ოზურგეთში ჩატარდა ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი თემის წევრებისთვის პირველი დახმარების სწავლებას და პირველი დახმარების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, როგორც პირველი დახმარების განმახორციელებელს ქვეყანაში და ითხოვეს სწჯს-ის პირველი დახმარების პროფესიონალთა მონაწილეობა სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებაში ადგილობრივ დონეზე.
2017 წლის 13 მაისს, გვანცა კიკალეიშვილმა და თეა ქარდავამ, სწჯს პირველი დახმარების ტრენერებმა სწჯს-ის ზუგდიდის ფილიალიდან ჩაატარეს პირველი დახმარების ტრენინგი ახალგაზრდული საბჭოს თანამშრომლებისა და მოხალისეებისთვის. მოგვიანებით კი, გადაინაცვლეს ქალაქის ცენტრში, სადაც მოაწყვეს ე.წ. „ქუჩის აქცია“. ღონისძიების განმავლობაში პირველი დახმარების ტრენერები ახდენდნენ პირველი დახმარების გაწევის ტექნიკის დემონსტრირებას მულაჟების და თვალსაჩინოებების გამოყენებით. ჩვენების შემდეგ, შეკრებილ დამსწრეებს მიეცათ საშუალება საკუთარი უნარ-ჩვევების განევითარებინათ, პრაქტიკულ სავარჯიშოებში მონაწილეობის გზით.
განხორციელებულმა ღონისძიებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მხრიდან, რომლებიც ცდილობდნენ აქტიურად ჩართულიყვნენ აქტივობებში და ესწავლათ თუ როგორ უნდა გაწიონ ადეკვატური პირველი დახმარება სწორად და ეფექტურად, როგორც ყოველდღიური გადაუდებელი მდგომარეობების ისე კრიზისების დროს.
ღონისძიების ორგანიზატორებმა, ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს წითელ ჯვარს და წითელი ჯვრის ტრენერებს დახმარებისთვის, ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის და ამით იმ მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ოზურგეთში მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერებას.