საქართველოს წითელი ჯვრის ჩოხატაურის ფილიალის მოხალისე, ნინო მახარაძე:
მე წითელ ჯვარში უკვე 5 წელია მოხალისის სტატუსით ვარ, ხოლი ჩემი ძმა ბესო მას შემდეგ შემოგვიერთდა, რაც პანდემია საქართველოსაც შეეხო. როცა ქვეყანაში საფრთხე გაჩნდა, რომ ჩვენს გარშემო მყოფი მოხუცები დახმარების გარეშე დარჩებოდნენ, ჩემს ძმას შევთავაზე მოხალისეობა, აღვუწერე მოხალისის ერთი დღე და ის ემოციები, რასაც თითოეული ადამიანი ვიღებთ. საბოლოოდ, ჩვენ ერთად ჩავებით იმ დიდ ჯაჭვში, რომელსაც წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები ქმნიან.
ჩემი ხუთწლიანი მოხალისეობის განმავლობაში, უამრავ ადამიანს დავეხმარეთ. ყოველი დღე, როცა ბენეფიციარებთან მივდიოდით, იყო განსაკუთრებული. შთამბეჭდავი შეგრძნებაა, როცა უყურებ ადამიანების სიხარულით სავსე თვალებს. ეს არ არის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, აქ მიღებული ემოციების გადმოცემა შეუძლებელია...
მე და ჩემი ძმა ახლა ერთად ვზრუნავთ სხვებზე და გვჯერა, რომ ვერანაირი დაბრკოლება შეცვლის მიზანს, რომელსაც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობა ემსახურება.