ამ წლის პირველ ოქტომბერს მომხდარმა წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქალაქ ბათუმის მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, სამეურნეო მიწები, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 300 ლარიან ვაუჩერებს გადასცემს ქალაქ ბათუმში წყალდიდობის შედეგად განსაკუთრებულად დაზარალებულ 164 ოჯახს, მათი უმთავრესი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
დღეს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე, შეხვდა ბათუმის მერის მოვალეობების შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს. გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს Covid-19-ის დაფიქსირებიდან დღემდე საქართველოს წითელი ჯვრის რეაგირება და სერვისები, როგორებიცაა შინმოვლა, კატასტროფების რისკის შემცირება და რეაგირება, პანდემიის პერიოდში უფასო პირველი ფსიქოლოგიური დახმარება და ასევე Covid-19-ზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. განხილვის შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქ. ბათუმის მოსახლეობის დახმარებას ახორციელებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) მხარდაჭერით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება.