საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) 7 მიზნობრივი ფილიალის (ზუგდიდი, სენაკი, ქუთაისი, გორი, თბილისი, ბათუმი, ახმეტა) მონაწილეობით მიმდინარე წლის 10-16 დეკემბერს დაბა ბაკურიანში განხორციელდა გაცვლითი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა გამოცდილებისა და კარგი მაგალითების თუ ინიციატივების გაზიარებას.
10 დეკემბერს გაიმართა ერთდღიანი სემინარი ოჯახური კავშირების აღდგენის თემაზე. შეხვედრა მიზნად ისახავდა ეროვნული საზოგადოების მზაობას კატასტროფების დროს ოჯახური კავშირების აღდგენის საჭიროებებზე ეფექტურ რეაგირებაზე. ტრენინგი შეიცავდა შემდეგ მოდულებს: კატასტროფების დროს ოკა-ს როლი და საქმიანობა, ინსტრუმენტები, ნეშტების მართვა, რეაგირება და ა.შ. შეხვედრამ ჩაიარა ინტერაქტიულ რეჟიმში, რასაც ხელი შეუწყო არაერთმა პრაქტიკულმა სავარჯიშომ და მაგალითმა.
მნიშვნელოვანი იყო სწჯს-ის სამართლებრივი ბაზისა და საქართველოს კანონის ,,მოხალისეობის შესახებ“ განხილვა; მონაწილე ფილიალების წარმოადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია იმ სამართლებრივ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგანან და კოლეგებისაგან მიიღეს რჩევები, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას პრობლემების გადასაჭრელად. ფილიალების წარმომადგენლებმა ასევე იმსჯელეს „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ ხარვეზებზე და ჯგუფებში მსჯელობის შემდგომ წარმოადგინეს საკუთარი ხედვა, რა გზებით შეიძლება აღმოიფხვრას პრობლემები და რა ცვლილებებს საჭიროებს კანონი.
მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია ასევე სწჯს-ის შიდა კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად შემუშავებულმა ელექტრონული ფოსტის სისტემამ.
ნანა გულუამ სწჯს-ის ზუგდიდის ფილიალიდან აღნიშნა: ,,ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფონდების მოძიებასა და რესურსების მობილიზებასთან დაკავშირებით ინფორმაციისა და ამ მიმართულებით სხვა ფილიალების გამოცდილების გაზიარება. ვფიქრობ, ჩვენი ფილიალის მოხალისეებიც შემოგვიერთდებიან და განვახორციელებთ აქციებს ,,სასურსათო კალათა“, ,,ცხელი ჩაი ყველას“ და ,,FLE მარკეტი“, რაც მომავალში ჩვენს რეგულარულ საქმიანობებად იქცევა“.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სწჯს-ის გორის ფილიალის მოხალისის ნინო მეტრეველის პრეზენტაციამ, რომელმაც მონაწილეებს წარუდგინა რაოდენ სასარგებლოა ფილიალებში სხვადასხვა საქმიანობების დაგეგმვისას მოხალისეთა ჯგუფების მიერ ე.წ. ,,პრობლემის ხის“ ინსტრუმენტის გამოყენება. ,,ძალიან მეამაყება და განსაკუთრებული ელფერი შესძინა ჩვენს მუშაობას მოხალისის მიერ საკუთარი გამოცდილების გაზიარებამ, რამაც კიდევ ერთხელ გახადა თვალსაჩინო რამდენად აქტიურად არიან ისინი ჩართულნი როგორც გადაწყვეტილებების მიღების, ასევე საქმიანობების განხორციელების პროცესში“- ამბობს ნინო ავალიანი სწჯს-ის ქუთაისის ფილიალიდან.
საინტერესო დისკუსიისა და მონაწილეთა არანაკლები აქტიურობის მიზეზი გახდა როგორც სოციალურ მეწარმეობასთან, მოხალისეთა ჯგუფების მიერ განხორციელებულ საუკეთესო მოხალისეობრივი ინიციატივების, ასევე სწჯს-ის შიდა ფინანსურ პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
,,რაც შეეხება ფილიალის ორგანიზაციული შესაძლებლობების შეფასების (BOCA) ინსტრუმენტის გამოყენებას და მის საფუძველზე ფილიალის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას, საინტერესო და მნიშვნელოვანია თითოეული ფილიალისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩემი კოლეგის აზრს ვახმოვანებ. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით ჩვენ უდავოდ შევძლებთ როგორც ორგანიზაციული თვალსაზრისით, ასევე ხარისხიანი და მდგრადი სერვისების მიწოდების კუთხით საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებას“- აღნიშნა ალექსანდრე ყეინიშვილმა სწჯს-ის ახმეტის ფილიალიდან.
ფილიალების გაცვლითი პროგრამა შედგა. თითოეული მონაწილის შეფასებით ეს იყო საინტერესო, ნაყოფიერი და დაძაბული სამუშაო, რომელსაც თან ახლდა სასიამოვნო, მეგობრული გარემო, ბევრი ღიმილი და სითბო, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით როგორც სწჯს-ის ხელმძღვანელობას, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და დანიის წითელ ჯვარს, რომელთა მხარდაჭერითაც გახდა შესაძლებელი ზემოაღნიშნული გაცვლითი პროგრამის განხორციელება.