2018 წლის 20 სექტემბერს სასტუმროში „თბილისი მარიოტი” საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ უმასპინძლა საკოორდინაციო შეხვედრას კატასტროფების მართვის სფეროში მომუშავე ეროვნული ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი იყო საკოორდინაციო ინსტრუმენტების წარდგენა, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროსი მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებისათვის რეკომენდაციების შემუშავება კატასტროფებზე რეაგირების გაძლიერებისათვის და გამოცდილების გაზიარება კატასტროფების მართვის კუთხით. აღნიშნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურები, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგინლები. არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კატასტროფებისთვის მზადყოფნის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების, კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, ისე ერთობლივი სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები ასევე მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელებას კატასტროფების მართვის კუთხით მიმდინარე პროცესებსა და როლების განაწილებას თუ „ვინ, სად, რას“ აკეთებს ქვეყანაში. მოგახსენებთ, რომ 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის #415 ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც შეიცვალა 2015 წლის საქართველოს მთავრობის N508 დადგენილებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მიენიჭა როლი, რომლის თანახმად იგი ახორციელებს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებების ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით.