8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღეა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი თარიღი პარტნიორებთან და მოხალისეებთან ერთად აღნიშნა
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ღონისძიება გამართა, რომელიც წითელი ჯვრის ფუნდამენტური პრინციპების 60-ე წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობებზე, მისიასა და როლზე ჩვენს ქვეყანაში. მოეწყო წითელი ჯვრის მოძრაობის საარქივო და ჰუმანიტარული საქმიანობების ამსახველი ფოტო-მასალის ექსპოზიცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლები და მოხალისეები; წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციები საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ წელს ეს თარიღი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ კორპორაციულ მხარდამჭერებთან ერთად აღნიშნა. ღონისძიებაზე სიმბოლური ჯილდოები გადაეცა ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლებიც 2024-2025 წლების განმავლობაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჰუმანიტარულ ინიციატივებში უანგაროდ იყვნენ ჩართულნი და ქვეყნის მასშტაბით წამოწყებულ პროექტებს აქტიურ ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ.