ისტორია
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, დამოუკიდებელი არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს, როგორც ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია, ჰუმანიტარული საქმიანობების სფეროში. იგი მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და მისიის შესაბამისად, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დაარსდა 1918 წელს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აღიარებულია 1997 წლიდან კანონით „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“, რომელიც 2017 წელს განახლდა.
მისია
ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ-
ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში, დავიცვათ მათი
სიცოცხლე და ღირსება.
ხედვა
მოძრაობა არ ასხვავებს ადამიანებს ეროვნების, რასის, რელიგიური მრწამსის,
კლასობრივი თუ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. მისი მიზანია შეუმსუბუქოს
ადამიანებს განსაცდელი. უპირველეს ყოვლისა, მათ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს
დახმარებას.
ნეიტრალობა
საყოველთაო ნდობის შენარჩუნების მიზნით, მოძრაობას არ შეუძლია მიემხროს
რომელიმე დაპირისპირებულ მხარეს შეიარაღებული კონფლიქტის დროს და ჩაერთოს
პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური, ან იდეოლოგიური ხასიათის დავაში.
ნებაყოფლობითობა
ეს არის ნებაყოფლობითი ჰუმანიტარული მოძრაობა, რომელიც არ არის ფინანსურ
სარგებელზე ორიენტირებული.
ერთადერთობა
ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი წითელი ჯვრისა თუ წითელი
ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოება. ის ღია უნდა იყოს ყველასათვის და
ახორციელებდეს ჰუმანიტარულ საქმიანობას მთელი ქვეყბის მასშტაბით.
ჰუმანურობა
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც
თავდაპირველად ბრძოლის ველზე დაჭრილთათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით
შეიქმნა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ცდილობს ნებისმიერ გარემოებაში,
როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე, თავიდან ააცილოს ან შეუმსუბუქოს
ადამიანს გაჭირვება. მოძრაობის მიზანია, დაიცვას ადამიანთა სიცოცხლე და
ჯანმრთელობა, უზრუნველყოს მათი პიროვნული ღირსების პატივისცემა.
იგი ხელს უწყობს ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და
მშვიდობის განმტკიცებას.
დამოუკიდებლობა
მოძრაობა დამოუკიდებელია. ეროვნული საზოგადოებები, როგორც თავიანთი
მთავრობების დამხმარენი ჰუმანიტარულ საქმიანობაში, ექვემდებარებიან საკუთარი
ქვეყნების კანონებს, ამავე დროს, ყოველთვის უნდა ინარჩუნებდნენ ავტონომიას, რათა
იმოქმედონ მოძრაობის პრინციპების შესაბამისად.
უნივერსალურობა
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობა საყოველთაოა. ეროვნული
საზოგადოებები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და მოვალენი არიან, დაეხმარონ
ერთმანეთს.